ka | en
Company Slogan TODO

დიპიროლობენზოქინოქსალინისა და დიპიროლონაფტოდიაზეპინის ბირთვის შემცველი ფიშერის ფუძის ბის-ანალოგების გარდაქმნები და კვლევა

ავტორი: სოფიკო კვინიკაძე
საკვანძო სიტყვები: დიპიროლონაფთოდიაზეპინი, დიპიროლობენზოქინოქსალინი, ბის–სპიროპირანი, ფიშერის ფუძე, ფოტოქრომიზმი
ანოტაცია:

მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევების პარალელურად იზრდება ეკოლოგიური პრობლემები, რომელებიც დაბინძურებულ გარემოსთან და არაჯანსაღ საკვებთან ერთად დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ახალი, უფრო ეფექტური და ნაკლებად ტოქსიკური პრეპარატების შექმნა თანამედროვე ქიმიური და ფარმაცევტული კვლევების ერთ-ერთი მთავარი მიზანია. მსოფლიო გამოცდილება მიუთითებს იმაზე, რომ სამკურნალო პრეპარატთა აქტიური ინგრედიენტების დიდი ნაწილი ჰეტეროციკლურ ნაერთებს მიეკუთვნება. მეცნიერული და პრაქტიკული თვალსაზრისით საინტერესოა ერთ მოლეკულაში ორი ან მეტი სხვადასახვა ჰეტეროციკლური ფრაგმენტის გაერთიანება, რაც ფართო სპექტრის ფიზიოლოგიური აქტიურობის მქონე ახალი სუბსტანციების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. ახალი ფოტოქრომული და ამავდროულად ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების ძიების მიზნით, თავდაპირველად დასინთეზდა ახალი საბაზისო ნაერთები, ე.წ. „ფიშერის ფუძის“ ბის-ანალოგები ბენზოპიროლო- [3,2–g]ინდოლის საფუძველზე. ისინი რეაქციისუნარიანი ნაერთებია, მათი მოლეკულები შეიცავენ ბიოლოგიური აქტიურობის თვალსაზრისით საინტერესო ქინოქსალინისა და დიაზეპინის ბირთვებს. ქინოქსალინისა და დიაზეპინის ბირთვის შემცველი ნაერთები წარმოადგენენ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. დიპიროლონაფტოდიაზეპინის მეთილენური ფუძე მრავალმხრივი რეაქციიუნარიანობის გამო უაღრესად საინტერესო და პერსპექტიულია სამომავლოდ ფართო სპექტრის ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების სინთეზის სფეროში. წარმოდგენილი სამუშაოს თემად ჩვენ მიერ შერჩეულია „ფიშერის ფუძის“ ბის-ანალოგების - დიპიროლონაფტოდიაზეპინისა და დიპიროლობენზოქინოქსალინის საფუძველზე ახალი ბის-სპიროპირანების მიღება. დამუშავდება კონკრეტული ნივთიერებების სინთეზის პირობები. სინთეზირებული ახალი ნაერთების სტრუქტურის დასადგენად ჩატარდება სპექტრული გამოკვლევები. მათი სავარაუდო ბიოლოგიური აქტიურობა შეისწავლება PASS Online პროგრამის გამოყენებით, რომელიც საშუალებას გვაძლევს სტრუქტურის საფუძველზე წარმოდგენა შევიქმნათ თუ რა ტიპის ბიოლოგიური აქტიურობით შეიძლება ხასიათდებოდნენ საკვლევი ნაერთები. მომზადდება ქრომატოგრაფიულად სუფთა ნიმუშები სინთეზირებული ბის-სპიროპირანების ფოტოქრომული თვისებების შესწავლის მიზნით ულტრაიისფერი სპექტრული გამოკვლევისათვის. დიპიროლობენზოქინოქსალინისა და დიპიროლონაფტოდიაზეპინის ბირთვების შემცველი ახალი ნაერთების სინთეზი და კვლევა მიგვაჩნია პერსპექტიულად როგორც ახალი ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების სინთეზისათვის, ასევე ახალი, გაუმჯობესებული ფოტოქრომული თვისებების მქონე ბის-სპიროპირანების ძიების მიზნით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com