ka | en
Company Slogan TODO

მეტალთა იონებისა და პეპტიდურ ბიორეგულატორ ეპიტალონის მამოდიფიცირებელი გავლენის შესწავლა მიტომიცინის კლასტოგენურ ეფექტზე

ავტორი: თინათინ ჯოხაძე
თანაავტორები: მ. გაიოზიშვილი, თ. ბუაძე, თ.სიგუა, ნ. ბარათაშვილი, თ.ლეჟავა
საკვანძო სიტყვები: მიტომიცინი, ეპიტალონი
ანოტაცია:

შესწავლილია კლასტოგენური ეფექტის მქონე ნაერთის - მიტომიცინ C-ს დამაზიანებელი მოქმედების მოდიფიცირების შესაძლებლობა მეტალთა იონებითა და ოლიგოპეპტიდ ეპიტალონით. მოდიფიკატორებად შერჩეულია მეტალები: კადმიუმი და სპილენძი, რომელთა მაკორეგირებელი მოქმედების უნარი დადასტურებულია რადიაციით ინდუცირებული მუტაგენეზის პირობებში, და ეპიტალონი - გეროპროტექტორული ბუნების მქონე პეპტიდური ბიორეგულატორი. კვლევები ჩატარდა ლიმფოციტარულ კულტურათა უჯრედების გამოყენებით, კლასტოგენური ეფექტის მაჩვენებლად გამოიყენებოდა ქრომოსომულ აბერაციათა შემცველი უჯრედების სიხშირე. კადმიუმი და სპილენძი გამოიყენებოდა არაორგანული მარილების 0,5x10-4 M კონცენტრაციის ხსნარების სახით, ეპიტალონი ემატებოდა ერთჯერადი თერაპიული დოზის შესაბამისი კონცენტრაციით, (ნაერთების დამატება კულტურალურ არეში ხდებოდა როგორც მიტომიცინით ზემოქმედებამდე, ისე ზემოქმედების შემდეგ). გამოცდილი იყო მიტომიცინის რამდენიმე კონცენტრაცია. ნაჩვენებია, რომ კადმიუმისა და სპილენძის იონების საკუთარი კლასტოგენური ეფექტი მნიშვნელოვნად ნაკლები იყო მიტომიცინის დამაზიანებელ ეფექტზე. აღმოჩნდა, რომ ორივე ტესტირებული მეტალი კომბინირებული ზემოქმედების ორივე ვარიანტისას (მიტომიცინის დამატებამდე და მისი დამატების შემდეგ) მნიშვნელოვნად (საშუალოდ, 50%-ით) აქვეითებდა მიტომიცინის ეფექტს. გამოკვეთილად პროტექტორული მოქმედება გამოავლინა ეპიტალონმაც, განაპირობა რა მიტომიცინის კლასტოგენური მოქმედების მაჩვენებელის (29,2%) მკვეთრი დაქვეითება (8,9%-მდე). ცდებში ტესტირებული აგენტების მიერ გამოვლენილი დამცველობითი ეფექტის სავარაუდო მექანიზმი დაკავშირებული უნდა იყოს იმასთან, რომ როგორც კადმიუმისა და სპილენძის იონების, ისე ეპიტალონისათვის ნაჩვენებია ქრომატინზე სპეციფიკური - მადეკონდენსირებელი მოქმედების უნარი, რაც დაზიანებულ ქრომატინს მისაწვდომს ხდის რეპარაციის ფერმენტების მოქმედებისათვის, და რაც, თავის მხრივ, მუტაციების სიხშირის კლების წინაპირობაა. მიტომიცინი ონკოლოგიაში ქიმიოთერაპიის მიზნით ხმარებული პრეპარატია დამახასიათებელი მნიშვნელივანი უარყოფითი გვერდითი გამოვლინებებით, რაც მისი მუტაგენურობითაც არის განპირობებული. რადგან კვლევებში ტესტირებული ოლიგოპეპტიდი ეპიტალონი ასევე გამოიყენება სამედიცინო პრაქტიკაში - გერიატრიაში, კვლევებში მიღებული შედეგები იძლევა საფუძველს მიტომიცინით მკურნალობის სქემაში მისი ჩართვის რეკომენდირებისათვის მიტომიცინის გვერდითი დამაზიანებელი ეფექტების შემცირების მიზნით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com