ka | en
Company Slogan TODO

LSCO მაღალტემპერატურული ზეგამტარის მიღება ფოტოსტიმულირებული მყარსხეულოვანი რეაქციის მეთოდით და მისი თვისებების კვლევა

ავტორი: თორნიკე ჭაბუკიანი
საკვანძო სიტყვები: ლასკო, ზეგამტარი, ზეგამტარობა, მაღალტემპერატურული ზეგამტარობა, ფოტოსტიმულირებული მყარსხეულოვანი რეაქცია
ანოტაცია:

მაღალტემპერატურული ზეგამტარი მასალების მიღება, მათი შესწავლა და წარმოებაში დანერგვა, თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს. დღეისათვის მაღალტემპერატურული ზეგამტარი მასალების მიღება უმეტეს შემთხვევაში ხდება მყარსხეულოვანი რეაქციების მეშვეობით. ეს ტექნოლოგია გულისხმობს კარგად შერეული საწყისი რეაგენტების (ფხვნილების) ხანგრძლივ (ათეული - ასეული საათი) თერმულ გამოწვას ღუმელში, მაღალ (800 – 12000C) ტემპერატურებზე, რომლის დროს მიმდინარეობს მყარფაზოვანი სინთეზის რეაქცია. პროცესი ძალიან ხანგრძლივი და ენერგოტევადია, რაც ზრდის პროდუქტის ღირებულებას. გარდა ამისა, ხანგრძლივ გამოწვას თან ახლავს ცალკეული კომპონენტების აორთქლება, რის გამოც ირღვევა სტექიომეტრია. ასევე ზოგიერთი მასალებისათვის მაღალტემპერატურული გამოწვა იწვევს კომპოზიტში ჟანგბადის ნაკლებობას. ნაშრომში აღწერილია მაღალტემპერატურული ზეგამტარი მასალების მიღების მყარსხეულოვანი რეაქციის ჩატარების ახალი ტექნოლოგია, რომელიც დაახლოებით ორი-სამი რიგით ამცირებს პროცესის ხანგრძლივობას და შესაბამისად მინიმუმამდე დაყავს ხანგრძლივი თერმული დამუშავების თანმხლები უარყოფითი ეფექტები. ტექნოლოგია დაფუძნებულია საწყისი რეაგენტების ინტენსიური იმპულსური ფოტონური დასხივების პრინციპზე, ინფრაწითელ და ულტრაიისფერ დიაპაზონში. აღნიშნული მეთოდის განსახორციელებლად საჭიროა, მოხდეს ფოტონური ზემოქმედების სპექტრის, დასხივების ექსპოზიციის ხანგრძლივობისა და გეომეტრიის, ნიმუშის გაცხელების ტემპერატურის, ადიტიურობის ფაქტორების გავლენის დადგენა სინთეზირებული მასალების ძირითად მახასიათებლებზე (ზეგამტარული გადასვლის ტემპერეტურა - Tc, კრიტიკული დენი - Jc, ნიმუშის ერთგვაროვნება, ფაზური შემადგენლობა და სხვა). უნდა განხორციელდეს მასალებში სინთეზის განხორციელების ოპტიმალური რეჟიმების დადგენა, ტექნოლოგიური მარშრუტების ( ტექნოლოგიური ოპერაციების ჩატარების ხერხები, რეჟიმები და თანმიმდევრობა) შემუშავება. დროისა და ენერგიის მოხმარების მნიშვნელოვანი შემცირებით დაიკლებს მიღებული მაღალტემპერატურული ზეგამტარების ღირებულება. კონკრეტულად ნაშრომის მოცემულ ნაწილში განხილული იქნება La2-xSrxCuO4(LSCO)-ს მიღების პროცესები და შესაბამამისი კვლევის შედეგები.


მიმაგრებული ფაილები:

LSCO მაღალტემპერატურული ზეგამტარის მიღება ფოტოსტიმულირებული მეთოდით და მისი თვისებების კვლევა [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com