ავტორიზაცია
ცენტრალურ კავკასიონზე დაცული ტერიტორიების განვითარების აქტუალური საკითხები
ავტორი: ლაურა კაველიძესაკვანძო სიტყვები: ცენტრალური კავკასიონი, დაცული ტერიტორიები, ეკოლოგიური პრობლემები
ანოტაცია:
ანოტაცია მოცემულ ნაშრომში კვლევის საგანს წარმოადგენს ცენტრალურ კავკასიონზე არსებული და გეგმარებითი დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა და განვითარების საკითხები. კავკასიონის მთიანეთი ერთ-ერთი სენსიტიური ტერიტორიაა, გეოდინამიკური პროცესების გააქტიურების, ბუნებრივი ეკოსისტემების შენარჩუნების მხრივ, ასევე დემოგრაფიული და ეკონომიკური პრობლემები. აღნიშნული საკითხის აქტულურობა გამომდინარეობს კავკასიონზე გააქტიურებული ანთროპოგენური ზემოქმედებიდან. რაც გამოიხატება ხე-ტყის ჭრაში, ბიომრავალფეროვნების შემცირებაში. კულტურული, არქიტექტურული ძეგლებისთვის იქმნება საფრთხე და განსაკუთრებით ეკოსისტემების ცვლას იწვევს რეგიონში ატეხილი ჰესების ბუმი. გასაგებია, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის პრიორიტეტული საკითხია, თუმცა უნდა მოხდეს არსებული რისკების მინიმუმამდე დაყვანა. მიმაჩნია, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში მოითხოვს ადამიანის რაციონალურ და გააზრებულ ქმედებას არსებული გენოფონდის დასაცავად. დაცული ტერიტორია ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ბუნებრივი რესურსებისა და ბუნებრივ გარემოში ჩართული კულტურული ფენომენების შენარჩუნების თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორია ან აკვატორიაა, რომლის დაცვა და მართვა ხორციელდება გრძელვადიან და მყარ სამართლებრივ საფუძველზე. საქართველოში დაცული ტერიტორიების რაოდენობა და ფართობი არ არის საკმარისი ბიომრავაფეროვნების და ეკოსისტემების დასაცავად. ამასთან, გამოიკვეთა, რომ ნაკლოვანებებს შეიცავს კანონმდებლობა. აქტიურად დაწყებული ჰესების მშენებლობა რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის რეგიონებში ქმნის პრობლემას, რომ გამოიყოს ეროვნული პარკები და განვითარდეს ე. წ. ,,ზურმუხტის ქსელი“, რომლის ფუნქციონირებაც 2020 წლისთვის საბოლოოდ უნდა დაიწყოს. მისი ჩამოყალიბება შედის საქართველოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის - ,,ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის „ პრიორიტეტებში. ლიტერატურის, ანგარიშების, სამოქმედო გეგმების დამუშავებით გამოიკვეთა დაცული ტერიტორიების შექმნის მნიშვნელობა მაღალმთიანი რეგიონებისთვის დემოგრაფიული და ეკონომიკური პრობლემების მეტ-ნაკლებად გადასაჭრელად. ცენტრალურ კავკასიონზე ჩამოყალიბებულია ყაზბეგის ეროვნული პარკი, თუმცა უკვე წლებია არსებობს რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთის გეგმარებითი დაცული ტერიტორია, რომელიც საჭიროებს ოფიციალურად კატეგორიის მინიჭებას. სახელმწიფოს მხრიდან დაგეგმილი ღონისძიებები შეიძლება ჩაითვალოს დაცული ტერიტორიების გაფართოებისკენ გადადგმულ ნაბიჯად. სამოქმედო გეგმის მიხედვით მათი ფართობი უნდა გაიზარდოს 12 %-მდე, რისთვისაც დაგეგმილია ახალი დაცული ტერიტორიების 4 დაარსება. მაგალითად არაგვის და თრუსოს დაცული ლანდშაფტები, რაჭის ეროვნული პარკი. პირველად იქმნება ბიოსფერული რეზერვატი.