ავტორიზაცია
ქამა სოკოს (Agaricus bisporus) ნაყოფსხეულიდან ლექტინების გამოყოფა, დახასიათება და ბიოლოგიური თვისებების შესწავლა in vitro სისტემებში
ავტორი: ელენე დავითაშვილითანაავტორები: ელენე დავითაშვილი, მარინე კოშორიძე
საკვანძო სიტყვები: სოკოს ლექტინები, ბიოლოგიური თვისებები
ანოტაცია:
უმაღლესი ბაზიდიომიცეტების (Basidiomyceteს) კლასის სოკოების სამკურნალო თვისებების გამოვლენაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სოკოს ლექტინები - ბიოლოგიურად აქტიური არაიმუნური წარმოშობის ცილები, რომლებიც სპეციფიკურად შექცევადად უკავშირდებიან ნახშირწყლებს. ჩვენი ყურადღება მიიბყრო Agaricus-ის გვარმა (შამპინიონები), რომელიც მნიშვნელოვან და ფართოდ გავრცელებულ საკვებ პროდუქტს წარმოადგენს. სოკოს სხვადასხვა სახეობებიდან გამოყოფილი ლექტინები გამოირჩევა თავისი ანტიკანცეროგენული, იმუნური სისტემის მასტიმულირებელი ქმედებით. Agaricus bisporus-დან (ABL) გამოყოფილი ლექტინი განეკუთვნება გალაქტოზა-სპეციფიკურ ლექტინებს, Thomsen-Friedenreich-ანტიგენთან დამაკავშირებელ ცილების ჯგუფს. ლექტინი მაღალი თვისობით უკავშირდება TF-ანტიგენს, აინჰიბირებს სწორი ნაწლავისა და მკერდის კიბოს სიმსივნური უჯრედების ზრდას [Yu L.,1993] და სხვ. საკვებად გამოიყენება Ag. bisporus-სოკოს ნაყოფსხეულის ქუდი, ფეხის ძირითადი ნაწილი იყრება, სამკურნალო თვისების მქონე ნაერთების მაღალი კონცენტრაცია კი ვლინდება ქუდის ზედა ნაწილში და ფეხის ქვედა სექციაში, ამასთანავე, ლიტერატურული მონაცემების თანახმად [Mikiashvili et al., 2006,2009; Davitashvili et al., 2008,2010,2011] სოკოში ლექტინური აქტივობის მქონე ცილების სინთეზი და მათი ნახშირწყალ-სპეციფიკურობა მჭიდროდ არის დამოკიდებული საკვები არეს (კომპოსტის) შემადგენლობაზე, ნახშირბადის წყაროზე, სუბსტრატის ქიმიურ ბუნებაზე. კვლევის ობიექტად გამოვიყენეთ სათბურის პირობებში (თბილისის სუპერმარკეტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომმარაგებელი, შპს „თეთრი ქუდი“) კულტივირებული საკვები სოკოს Agaricus bisporus-ის ნაყოფსხეული (თავი, ფეხი). კომერციული ლექტინისაგან განსხვავებით, ნაყოფსხეულის ქუდიდან და ფეხიდან გამოყოფილი ლექტინები ავლენენ სპეციფიკურობას გალაქტოზა-ლაქტოზა- და აცეტილგლუკოზას მიმართ. აფინური ქრომატოგრაფიით გამოყოფილი ლექტინები ავლენენ განსხვავებულ აქტივობას. განსაკუთრებით მაღალი აქტივობით გამოირჩევა აგარიკუსის ნაყოფსხეულის როგორც ქუდის, ასევე ფეხის ექტსრაქტიდან გამოყოფილი -აცეტილ-გლუკოზამინ-სპეციფიკური ლექტინები. ლექტინები განსხვავებულ დამოკიდებულებას ავლენენ ასევე ტემპერატურისადმი, pH-სადმი. თერმოგამძლეობით გამოირჩევა ქუდის აცეტილგლუკოზამინ-სპეციფიკური (800 ) და ფეხის ორივე სპეციფიკურობის ლექტინები. ლექტინების ზოგიერთი ბიოლოგიური თვისებების შესწავლისას ინ ვიტრო (საქონლის ღვიძლისუჯრედები) დადგენილ იქნა, არცერთი ლექტინი არ ინდუცირებს ლიპიდების ზეჟანგურ ჟანგვას, (არ ვლინდება მალონილდიალდეჰიდის მატება). თუმცა, ოქსიდაციის (რკინის იონების თანაობისას) პირობებში ქუდიდან გამოყოფილი ლაქტოზა-სპეციფიკური ლექტინები ავლენს ანტიოქსიდანტურ ეფექტს, ხოლო ფეხის ლაქტოზა-გალაქტოზა-სპეც.ლექტინი-პროოქსიდანტურ თვისებას. ლექტინების გავლენით აქტივირდება სუპეროქსიდდისმუტაზა, უჯრედებში ვლინდება თავისუფალი წყალბადის ზეჟანგის რაოდენობის მატება და კატალაზას აქტივობის შემცირება.