ავტორიზაცია
გაუდაბნოება, როგორც პროცესი, მისი შესაძლო მიმდინარეობა ელდარის დაბლობზე და მასთან დაკავშირებული დისტანციური ზონდირების ზოგიერთი თეორიული საკითხი
ავტორი: ბაგრატ კიკვაძესაკვანძო სიტყვები: გაუდაბნოება, ელდარის დაბლობი, დისტანციური ზონდირება
ანოტაცია:
ნაშრომში განხილულია გაუდაბნოების, როგორც აკადემიური ცნების და ანთროპოგენური გენეზისის მქონე პროცესის რაობა. წარმოდგენილია მისი ფიზიკური ბუნების ზოგადი მახასიათებლები და გაუდაბნოების პროცესის მნიშვნელობა მსოფლიოსთვის. მითითებულია გაუდაბნოების, როგორც ანთროპოგენური, სულ უფრო და უფრო მზარდი მასშტაბების მქონე პროცესის კვლევის აქტუალობა და მნიშვნელობა. ნაჩვენებია, რომ საქართველოში ამ მხრივ ყველაზე მოწყვლად, რისკის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის ქვეშ მდგომ რაიონს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე, ერთ-ერთი ყველაზე მშრალი და უდაბური მხარე, - ელდარის დაბლობი; იმდენად რამდენადაც, ელდარის დაბლობი საქართველოს ერთადერთი მხარეა, სადაც კლასიკური ნახევარუდაბნო ერთიან და უწყვეტ ბუნებრივ ზონადაა წარმოდგენილი; მიუხედავად იმისა, რომ ნახევარუდაბნოს ცალკეული, წყვეტილი ცენოზები ფრაგმენტულადაა მიმოფანტული ქვემო ქართლის ვაკეზე, განსაკუთრებით მის აღმოსავლეთ მდგენელზე - გარდაბნის ვაკეზე და სპორადულად, თვით თბილისის მიდამოებშიც კი გვხვდება. ნაჩვენებია, რომ ელდარის დაბლობზე გაუდაბნოების შესაძლებელი პროცესის ინდიკატორები სრულყოფილი სამეცნიერო ბაზისას უპირველეს ყოვლისა (და რაც ბუნებრივი იქნებოდა კიდეც), არის კლიმატური პარამეტრების, მცენარეული საფარის და ნიადაგური საბურველის ცვალებადობის in situ კვლევები. მაგრამ თანამედროვე მდგომარეობაში, როდესაც ვერ ხერხდება როგორც კლიმატური პარამეტრების მრავალწლიური მსვლელობის სათანადო რეგისტრაცია, ასევე მცენარეული საფარის და ნიადაგსაბურველის კომპლექსური (და რაც განსაკუთრებით უმთავრესია, დროით დინამიკაში) კვლევა, კვლევის მეთოდად დიდი წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ დისტანციური ზონდირება. მოცემული სემინარის შემთხვევაში დისტანციური ზონდირების, როგორც მეთოდოლოგიის როლი ელდარის დაბლობზე მიმდინარე გაუდაბნოების შესაძლებელი პროცესის განსასაზღვრავად გამოიხატება მცენარეული საფარის, როგორც გაუდაბნოების შესაძლებელი პროცესის ინდიკატორ-ედიფიკატორების აღმწერი რიცხობრივ-თვისობრივი მაჩვენებლების, ინდექსების ანალიზში და გაანალიზებულია მულტისპექტრული კლასის სამი ინდექსი. კერძოდ: მცენარეულობის ნორმალიზებული შეფარდებითი ინდექსი - NDVI, ნიადაგით კორექტირებული მცენარეულობის ინდექსი - SAVI და მცენარეულობის გაძლიერებული ინდექსი - EVI. დასკვნის სახით მითითებულია, რომ ნაშრომი წარმოადგენს მცდელობას, ელდარის დაბლობზე გაუდაბნოების შესაძლებელი პროცესის დისტანციური ზონდირების კუთხით შესწავლის ერთგვარი თეორიული და გარკვეულწილად მეთოდოლოგიური წანაძღვრების ასაგებად.