ka | en
Company Slogan TODO

კავკასიონის მთავარი ქედის ყაზბეგი-ლაგოდეხის ზონის აალენ- ბაიოსური ბაზალტური ვულკანიზმი ალაზანგაღმა კახეთის მაგალითზე

ავტორი: კარლო აქიმიძე
თანაავტორები: გიგა ნონიაშვილი
საკვანძო სიტყვები: ვულკანიზმი, იურა, ბაზალტი
ანოტაცია:

საქართველოს ტერიტორიაზე, კავკასიონის იურული ასაკის ფიქლების სერიაში ბაზალტური, ანდეზიბაზალტური მაგმატიზმი, დაიკური და ეფუზური ფაციესების სახით, ფართედაა წარმოდგენილი; ფიქსირდება ალაზანგაღმა კახეთიდან დაწყებული, დასავლეთით – მდ. ბზიფის სათავეების ჩათვლით. დადგენილია რომ: ა) ვულკანური კომპლექსების გენეზისის საკითხები ერთიან კავშირშია რეგიონის გეოლოგიურ ფორმირებასთან და მისი ისტორიის განსაზღვრის ერთ-ერთ უმთავრეს გასაღებს წარმოადგენს; ბ) კოლჩედანური სპილენძ-პოლიმეტალური გამადნება პირდაპირ გენეტურ კავშირშია, ბაზალტურ მაგმატიზმთან და გ) ამ მაგმური აქტივობის უშუალო პროდუქტი– ჰიპაბისური და ექსტრუზული ქანები – წარმოადგენს ძვირფას სანახელავო და მოსაპირკეთებელი ქვის ნედლეულს. შესაბამისად, ამ კომპლექსის შესწავლას, თეორიულთან ერთად, დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. ვულკანური პროცესების შესწავლა საქართველოში საუკუნის წინ დაიწყო. აკადემიკოსი ს. ბელიანკინი იყო პირველი (1914), რომელმაც მთავარი ქედის ხევსურეთის ზონაში გამოყო ალბიტიანი (კოლოტანის) და ლაბრადორიანი (ასის) ტიპის დიაბაზები. დიაბაზური დაიკური კომპლექსის არსებობა ფიქლების სერიაში დადასტურდა შემდეგ- ჯერ კახეთში (ლ.ვარდანიანცი,1932), შემდეგ-აფხაზეთში (გ.ჩხოტუა 1941), რაჭასა (ნ.თათრიშვილი,1941) და სვანეთში (გ.ზარიძე 1941, 1947); ანუ კავკასიონის სამხრეთი ფერდის ფიქლების სერიის მთელ ზოლზე – დიაბაზური სარტყელის სახით. უფრო გვიანდელი კვლევების შედეგად დაგროვდა ფაქტიური მასალა, რომლის მიხედვითაც კავკასიონის ფიქლების სერიაში, დიაბაზურ კომპლექსთან ერთად, გამოვლინდა ბაზალტური ეფუზური მაგმარიზმის რამოდენიმე კვანძიც- მდ. ბზიფის ზემოწელში ( მ. ბერიძე, 1977,1983 ), ხევი-ხევსურეთის რეგიონში (გ. ჩიხრაძე, 1979) და ალაზანგაღმა კახეთის ტერიტორიაზე(პ. ავალიშვილი,1956; მ.ფრუიძე,1979 ; კ. აქიმიძე2004). ამასთან როგორც ჰიპაბისური, ისე ეფუზური ფაციესის სახით, მაგმური კომპლექსი საუკეთესოდ არის გამოვლენილი კახეთის რეგიონში. აქ დადგენილია მაგმატიზმის სამი ეტაპი: 1.სინემურულ-ადრე პლინსბახური; 2. გვიანპლინსბახ-ადრეტოარსული და 3.აალენ-ბაიოსური. კახეთის რეგიონში დღემდე ყველაზე სუსტად აალენ -ბაიოსური ვულკანიზმია შესწავლილი. სწორედ აღნიშნულის გამოსწორების მცდელობა იყო 2018 წლის ზაფხულში ჩვენს მიერ შესრულებული საველე-გეოლოგიური სამუშაოები ამ ტერიტორიაზე. კვლევის შედეგად თელავის რაიონის სოფ. შაქრიანის მიდამოებში დადასტირდა პ. ავალიშვილის მიერ 1956 წ. დაფიქსირებული აალენ-ბაიოსური ვულკანიზმის არსებობა. ჩვენ ადგილზე შევისწავლეთ ეს გამოსავალი. ვულკანოგენურ- დანალექი შრენარის სიმძლავრე აქ 120-130 მ შეადგენს და მიმართებაზე 3.7-4 კმ-ზე იდევნება. წარმოდგენილია 12 და 7 მ სიმძლავრის ბალიშა ტექსტურის მქონე 2 ლავური განფენითა და 2 და 3.5 მ. სიმძლავრის ტუფიტების ჰორიზონტით, რომელიც ქვიშაქვა-თიხაფიქლების შრეებითა და დასტებით არის განმხოლოებული. პერტოლოგიური კვლევის მიზნით ავიღეთ შესაბამისი ქვა მასალა, რომლის დამუშავებაც ამჟამად მიმდინარეობს. მიკროსკოპული შესწავლით უკვე დგინდა სპილიტური კომპლექსის არსებობა, რომლის დეტალური ანალიზი მოხსენებაში იქნება განხილული.


მიმაგრებული ფაილები:

Petrology of Early Jurassic Volcanism Products in Kakheti over the Alazani River and Prospects of their Utilization as Building- and Face-Stone Material (by the Example of the Stori River Basin) [en]
კავკასიონის მთავარი ქედის ყაზბეგი-ლაგოდეხის ზონის აალენ- ბაიოსური ბაზალტური ვულკანიზმი ალაზანგაღმა კახეთის მაგალითზე [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com