ka | en
Company Slogan TODO

წინასწარი მონაცემები აზიური ფაროსანას Halyomorpha halys (Hemiptera, Pentatomidae) ბიოლოგიისა და გავრცელების შესახებ საქართველოში

ავტორი: ნინო არჩვაძე
თანაავტორები: ნინო ინასარიძე, მაკა მურვანიძე, ლიკა დეკანოიძე, ნათია სამსონიძე, მარიამ მაჭარაშვილი, სოფო ხუციშვილი, სალომე შენგელაია
საკვანძო სიტყვები: აზიური ფაროსანა, თხილის კულტურები, მავნეობის ხარისხი, ინტეგრირებული მართვა და კონტროლი
ანოტაცია:

აქტუალურობა. ინვაზიური მავნებელი მწერის, აზიური ფაროსანას Halyomorpha halys (Stäl) (Heteroptera - Pentatomidae) გავრცელების არეალის ზრდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ აშშ-ის და ევროპის ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. აზიურ ფაროსანას 100-ზე მეტი მასპინძელი ჰყავს და მათ შორის მრავალი მათგანი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ღირებულების მქონე მცენარეა (ციტრუსები, ხეხილი, ბოსტნეული და მარცვლეული კულტურები). ბოლო წლების განმავლობაში აზიურმა ფაროსანამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი მიაყენა დასავლეთ საქართველოსათვის საექსპორტო მნიშვნელობის სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, მეტწილად თხილის ნარგავებს. გაურკვეველია მწერის ყურძენზე ზეგავლენის ხარისხი, რაც საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოსათვის, სადაც მევენახეობა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი დარგია. აზიური ფარაოსანას ბიოლოგიისა და ქცევის კვლევა არც საქართველოში და არც კავკასიის რეგიონში ამ დრომდე არ ჩატარებულა, შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩატარებული სამეცნიერო კვლევები განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს. მიზანი. კვლევის მიზანს წარმოადგენდა აზიური ფაროსანას ბიოლოგიის, ქცევის, გავრცელებისა და მავნეობის ხარისხის შესწავლა თხილის კულტურებში მონიტორინგის სხადასხვა საშუალებებით, რაც მავნებლების ინტეგრირებული მართვის წარმატებული სქემის შემუშავების წინაპირობაა. მეთოდები. საველე კვლევები ჩატარდა დასავლეთ საქართველოში (სამეგრელოში) მდებარე თხილის ბაღის ორ საექსპერიმენტო ნაკვეთში, სადაც განთავსდა მონიტორინგისა და მენეჯმენტის კომერციულად ხელმისაწვდომი ხელსაწყოები - წებოვანი ხაფანგები და ფერომონიანი სატყუარები. განხორციელდა აზიური ფაროსანას ზრდასრული და ნიმფური სტადიების მონიტორინგი, მიგრაციის მარშუტების შესწავლა გამოსაზამთრებელი ადგილებიდან ბაღებისაკენ და პოპულაციის დინამიკაზე ტემპერატურის გავლენის კვლევა. საველე კვლევების შედეგად მიღებული რაოდენობრივი მონაცემები დამუშავდა სტატისტიკურად. აზიური ფაროსანას განვითარების სტადიების დადგენის მიზნით ჩატარდა მწერების ლაბორატორიული კვლევა. შედეგები. კვლევამ აჩვენა, რომ აზიური ფაროსანას ზრდასრული ინდივიდები ხაფანგებზე გამოჩნდნენ მაისის ბოლოს, ხოლო ყველა ასაკის ნიმფების და ზრდასრულების ერთობლიობა აღინიშნა ივლისის ბოლოდან აგვისტოს ჩათვლით. ნიმფების და ზრდასრულების თანაარსებობის პიკი აღინიშნა 896-1061 დღე/გრადუსზე DD13.9. დადგინდა, რომ თხილის ბაღების გარშემო არსებული ველური მცენარეულობა წარმოადგენს აზიური ფაროსანას შედინების წყაროს თხილის ბაღებში, მაშინ, როცა მათი მიგრაცია გარშემო მდებარე მინდვრიდან და მიტოვებული ნაგებობებიდან ნაკლებად საგრძნობია. ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა აზიური ფაროსანას ორი თაობის განვითარება. დასკვნა. კვლევის შედეგები დაეხმარება დაინტერესებულ მხარეებს, სწორად განსაზღვრონ მავნებელი მწერის მართვისა და კონტროლის ღონისძიებები. მიღებული მონაცემები მომავალში ფართომასშტაბიანი სამეცნიერო კლევების განხორციელების საფუძველს იძლევა.


მიმაგრებული ფაილები:

The first finding on the biology and spread of Brown Marmorated Stink Bug Halyomorpha halys (Heteroptera, Pentatomidae) in Georgia [en]
წინასწარი მონაცემები აზიური ფაროსანას Halyomorpha halys (Hemiptera, Pentatomidae) ბიოლოგიისა და გავრცელების შესახებ საქართველოში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com