ავტორიზაცია
ქვერცეტინ-დაკავშირებული კრინაშემცველი-ნანონაწილაკების ქცევითი ეფექტების შესწავლა ვირთაგვებში
ავტორი: თამარ ქიმერიძეთანაავტორები: მ. ქურასბედიანი, ბ. ჩხარტიშვილი, ნ. დორეული
საკვანძო სიტყვები: მაგნიტური ველი, რკინაშემცველი ნანონაწილაკები, ქვერცეტინი, ქცევა
ანოტაცია:
ნეიროდეგენერაციულ დარღვევათა წინააღმდეგ ეფექტური საშუალებების კვლევამ გამოავლინა ფლავონოიდების ნეიროპროტექტორული ბუნება[1]. ქვერცეტინი ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული წარმომადგენელია, რომლის მიმართ მეცნიერთა ინტერესი განაპირობა მისმა მრავალრიცხოვანმა ბიოლოგიურმა შესაძლებლობებმა[2]. ქვერცეტინის ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტისიმსიმნური აქტივობის მიუხედავად, მისი კლინიკაში გამოყენება ნაკლებად ხდება ცუდი ბიოშეღწევადობის გამო. პრობლემების თავიდან ასაცილებლად უკანასკნელი ტექნოლოგიური მიღწევაა ნანონაწილაკები, რომლებიც უკავშირდებიან რა წამლებს, ზრდიან მათ სტაბილურობას და დანიშნულების ლოკუსზე ზემოქმედებას [3]. კვლევის მიზანს წარმოადგენდა გარე მაგნიტური ველით მართული ქვერცეტინ-დაკავშირებული რკინაშემცველი ნანონაწილაკების(ქრნნ) ქცევითი ეფექტების შესწავლა ვირთაგვებში და მიღებული მონაცემების შედარება სისტემურად შეყვანილი ქვერცეტინის ეფექტებთან. ექსპერიმენტებისთვის გამოვიყენეთ თეთრი ლაბორატორიული ვირთაგვები (180-200გრ.), რომელთა მოტორული აქტივობა და ემოციური სტატუსი ფასდებოდა ღია ველის, ხოლო დასწავლა/მეხსიერების მაჩვენებლები T-ლაბირინთის ტესტებში. კეტამინით ანესთეზირებულ და სტერეოტაქსულ აპარატში ფიქსირებულ ვირთაგვებში განხორციელდა ქ-რნნ-ის (ქვერცეტინი 4.5მგრ:54მკლ DMSO+34 მკლ რნნ (30ნმ)+45მკლ DMSO) კუდის ვენაში ინექცია ტემპორალური წილის პროექციაზე 1სთ-ის განმავლობაში გარე მაგნიტური ველის (1ტესლა) უნილატერალური ზემოქმედების პირობებში. ვირთაგვების ქცევითი პარამეტრების მონიტორინგი იწყებოდა ქ-რნნ-ის ადმინისტრაციიდან 2-3 დღის შემდეგ. ცდები განხორციელდა ცხოველთა 2 ჯგუფზე: ვირთაგვები მაგნიტური ველის ექსპოზიციით და მაგნიტური ველის გარეშე. ღია ველში შეფასდა მოტორული და ემოციური სტატუსის მაჩვენებლები, ხოლო T-ლაბირინთში სწორი რეაქციების რაოდენობა. მიღებული მონაცემები დამუშავდა სტატისტიკური პროგრამით PRIZM. ექსპერიმენტებმა აჩვენა, მაგნიტური ველი, ისევე როგორც მაგნიტური ნანონაწილაკები დამოუკიდებლად არ ცვლის ცხოველთა ქცევას. ქვერცეტინი როგორც დამოუკიდებლად, ისე მაგნიტურ-ნანონაწილაკთან დაკავშირებული იწვევს დასწავლის მაჩვენებლის სტატისტიკურად სარწმუნო გაზრდას, რაც გამოიხატა სწორი რეაქციების რაოდენობის მომატებით დასწავლის პირველ პერიოდში, ამასთან ქვერცეტინისა და ქრნნ სერიის მონაცემებს შორის განსხვავება არ იყო.
მიმაგრებული ფაილები:
Investigation of behavioral effects of Quercetin-loaded iron oxide nanoparticles in rats [en]ქვერცეტინ-დაკავშირებული კრინაშემცველი-ნანონაწილაკების ქცევითი ეფექტების შესწავლა ვირთაგვებში [ka]