ka | en
Company Slogan TODO

ქვერცეტინ-დაკავშირებული რკინაშემცველი-ნანონაწილაკების გამოვლენა ჰიპოკამპში მაგნიტური ველის უნილატერალური ექსპოზიციის პირობებში

ავტორი: თამარი ფეიქრიშვილი
თანაავტორები: მ. ქურასბედიანი, რ. ბუკია, ნ. დორეული
საკვანძო სიტყვები: ქვერცეტინი, რკინაშემცველი ნანონაწილაკები, მაგნიტური ველი, ჰიპოკამპი, ანათლები
ანოტაცია:

ნეიროდეგენერაციულ დაავადებათა წამლებით მკურნალობა ჰემატოენცეფალური ბარიერის არსებობის გამო გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ამდენად, აქტუალურია ნანონაწილაკ-დაკავშირებული სამკურნალო პრეპარატებით ტვინზე მიმართული ზემოქმედება. ნანონაწილაკებს აქვთ უნარი დაიკავშირონ აღნიშნული პრეპარატები და მემბრანული ბარიერების გავლით განახორციელონ კონკრეტულ ლოკუსებზე ზემოქმედება[1]. რკინა-შემცველი ნანონაწილაკების (რნნ) გადაადგილების მართვა შესაძლებელია მაგნიტური ველით [2], რომელსაც ახასიათებს კარგი ბიოშეღწევადობა. ამდენად, გამოითქვა მოსაზრება, რომ მაგნიტური ველის თავის ტვინზე ექსპოზიციით შესაძლებელია რნნ-თან დაკავშირებული ლიგანდების გადაადგილების მართვა. მოცემული კვლევის მიზანს წარმოადგენდა სისტემურად (კუდის ვენა) შეყვანილი ქვერცეტინ-დაკავშირებული რნნ (ქ-რნნ) გამოვლენა ვირთაგვების (150-180გრ) ქერქულ სტრუქტურებში მაგნიტური ველის (1ტესლა, 1სთ-ის განმავლობაში) თავის ტვინზე (ტემპორალური წილი პროექცია) უნილატერალური ექსპოზიციის პირობებში. ქ-რნნ-ის ადმინისტრაცია ხდებოდა მაგნიტური ველის წარდგენიდან 30წთ-ის, ხოლო ტვინის ექსტირპაცია - 80-120წთ-ის შემდეგ. ტვინის ფიქსაციას ვახდენდით ბუენის სითხეში, რომელიც კარგად ინახავს რკინას. რკინის შემცველობის დადგენის მიზნით ვირთაგვას ტვინის ანათლებს ვღებავდით პერლსის მეთოდით. დადებით კონტროლად გამოყენებული იყო ბუნებრივად რკინაშემცველი სტრუქტურა - ელენთა. ექსპერიმენტები განხორციელდა ცხოველთა 2 ჯგუფზე: მაგნიტური ველის ტვინზე მარჯვენა ან მარცხენა მხარეს ექსპოზიციით. განხორციელდა რკინის ჩანართების ვიზუალიზაცია და მათი რაოდენობის შეფასება. რკინაშემცველი ჩანართები ითვლებოდა ჰიპოკამპის CA1/CA3 ველებში, დაკბილულ ფასციასა და ახალ ქერქში. ქ-რნნ-ის მიმართულ გადაადგილებაზე მაგნიტური ველის გავლენის შეფასების მიზნით განხორციელდა შედარებითი ანალიზი: რკინაშემცველი ჩანართების რაოდენობა მაგნიტური ველის ექსპოზიციის მხარეს შედარდა არა-ექსპოზიციის მხარეს მის რაოდენობასთან. მონაცემები დამუშავდა კომპიუტერული პროგრამით PRIZM. კვლევამ აჩვენა, რომ მაგნიტური ველის უნილატერალური ექსპოზიციის პირობებში რკინის ჩანართების რაოდენობრივი მაჩვენებლები სარწმუნოდ იზრდება მაგნიტური ველის ექსპოზიციის მხარეს კონტრალატერალურთან შედარებით, რაც მაგნიტური ველით ქვერცეტინ-დაკავშირებული რნნ-ის ტვინში მიმართული გადაადგილების გაადვილების მაჩვენებელია.


მიმაგრებული ფაილები:

Identification of Quercetin-loaded iron oxide nanoparticles in the hippocampus under unilateral magnetic field exposure condition [en]
ქვერცეტინ-დაკავშირებული რკინაშემცველი-ნანონაწილაკების გამოვლენა ჰიპოკამპში მაგნიტური ველის უნილატერალური ექსპოზიციის პირობებში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com