ავტორიზაცია
ქვერცეტინ-დაკავშირებული მაგნიტური ნანონაწილაკების(ქმნნ) გავლენა ჰიპოკამპის CA1 ველში კაინის მჟავას ინტრაჰიპოკამპური ინექციით გამოწვეულ ეპილეფტიფორმულ აქტივობაზე
ავტორი: ნანული დორეულითანაავტორები: მ. ქურასბედიანი, მ. ჩიქოვანი, რ. ბუკია, ბ. ფარცვანია
საკვანძო სიტყვები: ქვერცეტინი, ნანონაწილაკები, მაგნიტური ველი, ჰიპოკამპი, ეპილეფსია
ანოტაცია:
ეპილეფსია თავის ტვინის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის 1%-ში გვხვდება. ანტიეპილეფსიური პრეპარატებით დაავადება კონტროლდება, თუმცა ეპილეფსიის დაახლოებით 35% რეზისტენტულია. უკანასკნელ წლებში მკურნალობის სტრატეგიაში დიდი ყურადღება ეთმობა ფლავონოიდებს. მრავალფეროვანი ბიოლოგიური ეფექტების მიუხედავად ფლავონოიდების კლინიკაში გამოყენება (მაგ. ქვერცეტინის) შეზღუდულია ცუდი ბიოშეღწევადობის გამო[1]. ნანონაწილაკებს კი აქვთ უნარი დაუკავშირდნენ წამლებს, რითიც უზრუნველყოფენ მათი სტაბილურობის გაზრდასა და ბიოლოგიურ მემბრანებში გადაადგილებას[2]. შესაბამისად, ქმნნ-ის ეპილეფსიის ლოკუსზე მიმართული ზემოქმედების ეფექტების განსაზღვრა აქტუალური და მნიშვნელოვანია. ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა მაგნიტური ნანონაწილაკების(მნნ) ქვერცეტინთან დაკავშირება და მისი ეფექტების შეფასება კაინის მჟავას ინტრაჰიპოკამპური ინექციით გამოწვეულ ეპილეფტიფორმული განმუხტვების სიხშირესა და ხანგრძლივობაზე გარე მაგნიტური ველის თავის ტვინზე უნილატერალური ექსპოზიციის პირობებში. კეტამინით ანესთეზირებულ ველური ხაზის ლაბორატორიულ ვირთაგვებში(150-180გრ) სტერეოტაქსულად ხდებოდა მეტალის ტრიპოლარული ელექტროდების ბილატერალური ჩანერგვა ჰიპოკამპის CA1 ველის ნეირონული აქტივობის უნიპოლარული რეგისტრაციისა და ბიპოლარული სტიმულაციის მიზნით. ფონური აქტივობის რეგისტრაციის შემდეგ, ეპილეფტიფორმული აქტივობის გენერაციის მიზნით უნილატერალურად CA3 ველში ვახდენდით ქემიტროდით კაინის მჟავას (კმ) 5 ჯერად (15წთ-იანი ინტერვალით) ინექციას (5X1მკლ 7.5მკგ კმ). ქმნნ-ის ეპილეფტიფორმულ აქტივობაზე გავლენის შეფასების მიზნით კმ-ის ადმინისტრაციამდე 100-120წთ-ით ადრე ვირთაგვები კუდის ვენაში ინექციით ღებულობდნენ ქმნნ (ქვერცეტინი(54მკლ:4.5მგრ)+34მკლ მნნ(30ნმ)+45მკლDMSO), ამასთან ქმმმ-ის შეყვანა ხდებოდა თავის ტვინზე მაგნიტური ველის (1ტესლა) 60წთ-იანი უნილატერალური ექსპოზიციის ფონზე. ვაფასებდით ქმნნ-ის ეფექტებს ჰიპოკამპის ფონურ აქტივობასა და გამოწვეულ (ელექტრული/ფარმაკოლოგიური) პასუხებზე. აქტივობის რეგისტრაცია და ანალიზი განხორციელდა კომპიუტერული პროგრამა Chart5.5-ით, ხოლო მიღებული მონაცემების დამუშავება სტატისტიკური პროგრამით PRIZM. კვლევამ აჩვენა, რომ ქმნნ, ისევე როგორც ცალკე მაგნიტური ველი არ იწვევს ჰიპოკამპის ნეირონული აქტივობის სტატისტიკურად სარწმუნო ცვლილებას, თუმცა მათი წინასწარი ადმინისტრაცია სტატისტიკურად სარწმუნოდ ამცირებს კაინის მჟავას ინტრაჰიპოკამპური ინექციით გამოწვეული ეპილეფტიფორმული განმეორებადი განმუხტვების როგორც აღმოცენების სიხშირეს, ისე ამპლიტუდურ მაჩვენებლებს.
მიმაგრებული ფაილები:
Effect of quercetin-loaded magnetic nanoparticles (Q-MNP) on the epileptiform activity in CA1 field of the hippocampus caused by intrahippocampal injection of kainic acid [en]ქვერცეტინ-დაკავშირებული მაგნიტური ნანონაწილაკების(ქმნნ) გავლენა ჰიპოკამპის CA1 ველში კაინის მჟავას ინტრაჰიპოკამპური ინექციით გამოწვეულ ეპილეფტიფორმულ აქტივობაზე [ka]